დღეს ინტერნეტის გარეშე წარმოუდგენელია არა მარტო ჩვეულებრივი მოქალაქეების ცხოვრება (საქმიანი მიმოწერა, გადასახადების გადახდა, ბანკთან ანგარიშსწორება, აზარტული თამაშები და აშ.), არამედ სახელმწიფო აპარატის ნორმალური ფუნქციობა.
ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ქსელის გარეშე შეუძლებელია სატრანსპორტო, თავდაცვის, კავშირგაბმულობის, საბანკო-საფინანსო და ა.შ. უწყებების ნორმალური მუშაობა. სწორედ ინტერნეტის შეუცვლელობამ აქცია კიბერსივრცე სპეცსამსახურებისა და კიბერტერორისტების მთავარ სამიზნედ.
ჰაკერებმა მიზნები შეცვალეს
ჰაკერების მცირე "ხულიგნობა" უკვე ჩვეულ მოვლენად იქცა. გასულ წლებში მათი ძირითადი მიზანი კომერციული ბანკების, ტოტალიზატორებისა და სამორინეების ინტერნეტგვერდების "გატეხვა" და ფინანსური აფერის დატრიალება იყო. მადა ჭამაში მოდისო და ჰაკერებმა თავიანთი შესაძლებლობების უფრო სერიოზულ ასპარეზზე გამოცდა მოინდომეს და მალე შეძლეს სხვადასხვა ქვეყნის თავდაცვის სამინისტროების, სპეცსამსახურების, საიდუმლო კვლევითი ცენტრებისა და სამეცნიერო ლაბორატორიების ინტერნეტგვერდებზე შეღწევა. ამ "გართობამ" თანდათან პოლიტიკური და რელიგიური ელფერი მიიღო.
დღეს "კომპიუტერული ომებისგან" თავდაცვა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების აუცილებელი კომპონენტი გახდა. ტექნიკისა და ტექნოლოგიების განვითარებამ, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა მოგეჩვენოთ, უფრო გააიოლა კიბერტერორისტების საქმიანობა. დღეს მსოფლიო ელექტრონული საინფორმაციო ქსელი უდიდესი პოტენციური საფრთხის შემცველია ნებისმიერი ქვეყნისთვის. წარსულს ჩაჰბარდა დრო, როდესაც სპეცსამსახურები ინტერნეტს მხოლოდ ღია ინფორმაციის მოსაპოვებლად ან დეზინფორმაციის გასავრცელებლად იყენებდნენ. ამჟამად კიბერსივრცე სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ფარული დაპირისპირებისა და ბრძოლის არენადაა ქცეული.
ცნობილია, რომ კიბერსივრცეში ომების წარმოების სცენარები უკვე დამუშავებული აქვთ აშშ-ს, რუსეთს და ჩინეთს. ბუნებრივია, ეს სია არასრულია, რადგანაც ბევრი სახელმწიფო ცდილობს, მაქსიმალურად გაასაიდუმლოოს თავიანთი მიღწევები ამ სფეროში.
ახლახან აშშ-ის მთავარმა სამხედრო უწყებამ, პენტაგონმა განაცხადა, რომ კიბერტერორისტებისგან ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად ყველაფერს გააკეთებს და "ჩვეულებრივი" იარაღით უპასუხებს იმ ქვეყანას, საიდანაც მას "კიბერიარაღით" დაესხმებიან.
გადაწყვეტილების მიზეზი ბოლო ხანს შექმნილი საგანგაშო მდგომარეობა გახდა. ყველაფერი კი 2007 წლის გაზაფხულზე, ჩვენი მეგობარი ქვეყნის, ესტონეთის წინააღმდეგ მასირებული კიბერშეტევების შემდეგ დაიწყო.
ვის აძლევდა ხელს ესტონეთის პარალიზება?
2007 წლის აპრილის ბოლოს და 8-9 მაისს ესტონეთი მასობრივი კიბერშეტევის ობიექტი გახდა. ამ პერიოდში ესტონეთის საინფორმაციო ელექტრონულმა ქსელმა სხვადასხვა ქვეყნის მილიონამდე კომპიუტერიდან ათი უმძლავრესი "დაბომბვა" მიიღო და გაითიშა. სპეციალისტების განცხადებით, ათი საათის განმავლობაში წამში 90 მგბ მოცულობის "ნაღმებმა", ანუ იდიოტურმა შეკითხვებმა (მაგალითად ასეთმა: "როგორი ამინდი იქნება გუშინ?") და უაზრო ინფორმაციის უდიდესმა ნაკადმა ესტონეთის პრეზიდენტის აპარატის, პარლამენტის, პოლიტიკური პარტიებისა და ბანკების საფოსტო ყუთები გადაავსო და სერვერები გათიშა.
დადგინდა, რომ თითქმის ერთი თვის განმავლობაში ესტონეთის საინფორმაციო სივრცეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მომუშავე კომპიუტერებიდან უტევდნენ. 2007 წლის აპრილის ბოლოსვე გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ კიბერშეტევები დაკავშირებული იყო ტალინში საბჭოთა ჯარისკაცის ქანდაკების დემონტაჟთან და, აქედან გამომდინარე - რუსეთთან. საინტერესოა, რომ 2007 წლის აპრილამდე ერთი ქვეყნის ელექტრონული სივრცის წინააღმდეგ არასოდეს გამოუყენებიათ უზარმაზარი ფინანსური და ტექნიკური რესურსები.
საინტერესოა, რომ ესტონეთის წინააღმდეგ კიბერშეტევაში აქტიურად მონაწილეობდნენ სეპარატისტულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჰაკერებიც. ერთ-ერთმა მათგანმა, ე.წ. "დნეპრისპირეთის რესპუბლიკის" მკვიდრმა, ვინმე კონსტანტინ გოლოსკოკოვმა თავისივე ჩადენილი დანაშაულის შესახებ ამაყად განაცხადა. ევროკავშირის კანონმდებლობით, ჰაკერების დაპატიმრება და პასუხისგებაში მიცემაა გათვალისწინებული. მაგრამ ვინ დააპატიმრებს დნესტრისპირეთში, აფხაზეთში ან ცხინვალში მცხოვრებ ჰაკერს, რომელიც მოსკოვის დავალებას ასრულებს?
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის "აგვისტოს ომის" დროსაც მოხდა კიბერშეტევა საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებათა და ბანკების ინტერნეტგვერდებზე.
იმავე 2008 წელს განხორციელდა სერიოზული კიბერშეტევა პენტაგონზეც. ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნები დარწმუნებული იყვნენ, რომ შეტევა რუსეთის ტერიტორიიდან განხორციელდა, მაგრამ არ დააზუსტეს, შეტევასთან დაკავშირებული თუ იყო რუსეთის მთავრობა. კრემლმა კი, ბუნებრივია, უარყო მონაწილეობა კიბერშეტევაში.
ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ სწორედ ამ მოვლენების ანალიზის შემდეგ გადაწყვიტა, რომ კიბერტერორიზმი და ჰაკერების ორგანიზებული შეტევები გაუთანაბრდეს ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო აგრესიას, რასაც შესაბამისი პასუხი "ჩვეულებრივი" შეიარაღებით უნდა გაეცეს.
პენტაგონი აგრესიულ კიბერსტრატეგიას აქვეყნებს
"კიბერშეტევა - სამხედრო მოქმედებას ნიშნავს. ამიტომ პენტაგონი სამხედრო პასუხისათვის საფუძველს ამზადებს" - განაცხადეს ამა წლის მაისში ამერიკელმა სამხედროებმა.
პენტაგონმა დაასკვნა, რომ სხვა ქვეყნიდან მომდინარე კომპიუტერული შეტევა ამერიკის სახელმწიფო დაწესებულებების ინტერნეტმისამართებზე შეიძლება განხილულ იქნას როგორც სამხედრო მოქმედება. პენტაგონის გეგმა ჯერ გაფრთხილებას ითვალისწინებს სხვა ქვეყნების მიმართ, იმის შესახებ, რომ აშშ-ზე კიბერშეტევას შეიძლება მოჰყვეს რაკეტებით თავდასხმა ამ ქვეყნის სტრატეგიულ ობიექტებზე.
პენტაგონის დოქტრინის საიდუმლო ვარიანტში დაახლოებით 30 გვერდია, საჯაროში კი, რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა - 12. ამ დოკუმენტის თანახმად, საერთაშორისო სამართალი კიბერსივრცეზეც ვრცელდება.
მიმდინარე წლის ივლისში აშშ-ის კონგრესში იწყება კიბერუსაფრთხოების შესახებ კანონპროექტის მოსმენა. ამ კანონპროექტის ავტორი ბარაქ ობამას ადმინისტრაციაა.
ამ დოკუმენტში ჩამოთვლილია ის გარემოებები, რომლებიც საშუალებას აძლევენ სამხედროებს, მიმართონ ქვეყნის პრეზიდენტს კიბერშეტევის განხორციელების თაობაზე. დოკუმენტით განისაზღვრება კიბერშეტევის ტაქტიკა აშშ-ის სამხედრო სტრატეგიაში და საშუალებას მისცემს სახელმწიფოს, პასუხი გასცეს უცხოური ქვეყნის აგრესიას. დოკუმენტში აღწერილია ის კიბერსაშუალებებიც, რომლის გამოყენება შეიძლება კიბერშეტევის საპასუხოდ. ეს კიბერსაშუალებებია: ვირუსის გაშვება, ელექტრონული სისტემის გადატვირთვა, ქსელის გათიშვა და ა.შ.
თუ კონგრესი ობამას წინადადებას მიიღებს, ჰაკერული თავდასხმისათვის მაქსიმალური სასჯელი - ათწლიანი პატიმრობის ვადა ოც წლამდე გაიზრდება. პენტაგონის ინსტრუქციებს ბევრი აქვს საერთო იმ რეგლამენტაციებთან, რომლებითაც დარეგულირებულია რაკეტების, ბირთვული იარაღისა და დაზვერვის გამოყენება ომის შემთხვევაში. თუმცა ამ კანონპროექტს მოწინააღმდეგეც ბევრი ჰყავს, რომლებიც ფიქრობენ, რომ კიბერიარაღი მართალია ანგარიშგასაწევი ძალაა, მაგრამ ის არ უნდა იქნას განხილული ბირთვული იარაღის დონის შესაბამისად.
პენტაგონის ინიციატივა უკვე სადავო ხდება რამდენიმე არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხზე. მაგალითად, როგორ შეძლებს აშშ ზუსტად დაადგინოს, ვისგან მომდინარეობდა შეტევა და რის საფუძველზე უნდა იყოს ის განხილული, როგორც სამხედრო მოქმედება? ან როგორ უნდა დადგინდეს მონაწილეობდა, თუ არა ამ თუ იმ ქვეყნის მთავრობა კიბერშეტევაში? ამერიკელი სამხედროების აზრით, ვინაიდან სერიოზულ კიბერთავდასხმებს დიდი რესურსები სჭირდება, ძნელი წარმოსადგენია, რომ ისინი სახელმწიფოს მონაწილეობის გარეშე განხორციელდეს.
უფრთხილდით "ლალზ სექურითის" პატარა გენიოსებს
აშშ-ის პრეზიდენტის ამ ინიციატივის საპასუხოდ ცნობილმა საერთაშორისო ჰაკერულმა ჯგუფმა "ლალზ სექურითიმ" გამოაცხადა "სისტემის წინააღმდეგ ომი". მათი მიზანი იქნება ყველა ქვეყნის სახელმწიფო ინტერნეტრესურსების გატეხა, რომლებიც, მათი აზრით, კორუფცირებულია ან სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს.
ამ ჯგუფის ჰაკერებმა უკვე მოახერხეს აშშ-ის სენატის, გამოძიების ფედერალური ბიუროს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, რამდენიმე ცნობილი ბანკისა და კომპანიების, ბრაზილიის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისათვის შექმნილი ბრიტანული სააგენტოს ვებგვერდების გატეხა. ზოგიერთი მონაცემებით, ამ ჯგუფის "ტვინი" სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები 10-მდე ადამიანია, მათი უმეტესობა 16-25 წლისაა და ისინი ერთმანეთს მხოლოდ ვირტუალურად იცნობენ. ამას წინათ პატარა გენიოსების განუსაზღვრელი შესაძლებლობები კიდევ ერთხელ დადასტურდა.
კიბერუსაფრთხოების სფეროში საკონსულტაციო ფირმა "ბერგ და ბერგმა" ათი ათასი დოლარი შესთავაზა იმას, ვინც მათ ინტერნეტგვერდს გატეხდა და მთავარ გვერდზე განთავსებულ სურათს შეცვლიდა. რამდენიმე საათში "ლალზ სექურითის" ჰაკერებმა ფირმის ინტერნეტგვერდზე სურათი შეცვალეს და... უარი განაცხადეს ფულის მიღებაზე: ამას ჩვენ გასართობად ვაკეთებთო.
აშშ-ის კიბერსივრცეზე თავდასხმები ყველაზე ხშირად ჩინეთისა და რუსეთის ტერიტორიიდან მომდინარეობს, ასე რომ, თუ ამერიკა გადაწყვეტს, სამხედრო ძალით უპასუხოს კიბერშეტევას, მაშინ ეს მესამე მსოფლიო ომის მიზეზი შეიძლება გახდეს. ამერიკელი სამხედროების გეგმების ყველაზე სუსტი წერტილი და საფრთხე "პატარა გენიოსები" არიან, რომლებიც გასართობად ათას სისულელეს სჩადიან. მათი პენტაგონელი გენერლების გაშაყირება პეკინიდან რომ მოინდომონ, აშშ ჩინეთის დედაქალაქზე სარაკეტო იერიშს მიიტანს?
"მათი პენტაგონელი გენერლების გაშაყირება პეკინიდან რომ მოინდომონ, აშშ ჩინეთის დედაქალაქზე სარაკეტო იერიშს მიიტანს?"
ReplyDeleteამერიკელების ეხლანდელი პოზიცია ბრაზიან, ცხელ გულზე ნატქვამ სიტყვებს გავს, ბავშვი რომ ეტყვის მეგობარს "კომპიუტერი არ გამიფუჭო თორემ სათამაშოს გაგიტეხო,"
აი ასე. ასერომ ჩემი აზრით კიბერშეტევას რაკეტებით ვერავინ ვერასდროს ვერ უპასუხებს